ჯინსების თაობა

“1983 წელს რამდენიმე ქართველმა ახალგაზრდამ საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით ამერიკაში მოხვედრა სცადა. გულუბრყვილო მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რომელსაც მსხვერპლიც მოჰყვა თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს შორის. დაიღუპნენ გამტაცებლებიც, მათი უმეტესობა კი სასამართლოს წინაშე წარსდგა.

ტერორიზმის ბრალდებით დაპატიმრებულ ახალგაზრდებს, ფეხმძიმე გოგონას გარდა, საბჭოთა ხელისუფლებამ სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიუსაჯა. სიკვდილით დასაჯეს ადამიანიც, რომელიც თვითმფრინავში საერთოდ არ მჯდარა, მაგრამ გამტაცებლების მეგობარი იყო. ,,თვითმფრინავის ბიჭების საქმე” თანამედროვე, პოსტსაბჭოთა საქართველოში ჯერ კიდევ აქტუალურია. დღემდე კამათობენ იმაზე, სინამდვილეში ვინ იყვნენ ეს ახალგაზრდები: ჩვეულებრივი ტერორისტები თუ გმირები, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებას დემონსტრაციულად დაუპირისპირდნენ.”

ეს ის ინფორმაციაა, რომელიც შეგვიძლია მოვიძიოთ ამ ახალგაზრდების შესახებ, როდესაც გუგლის საძიებო სისტემაში ჯინსების თაობას ჩავწერთ. ტერორისტები თუ გმირები? მეოცნებეები თუ რეალისტები? თავისუფლებისკენ მსწრაფი სულები თუ ოჯახისგან განებივრებული ბავშვები? ეს და უამრავი სხვა კითხვა არსებობს მათ ირგვლივ, რომელზეც სავარაუდოდ პასუხს ვერ მივიღებთ. ფაქტია, რომ მათ დიდი მსხვერპლის გაღება მოუწიათ თავიანთი მისწრაფებების გამო. ამ ფაქტების გარდა არის დეტალები, რომლებიც საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის და რომლებსაც ახლობლები იხსენებენ.

ბოლო დროს ისინი მღეროდნენ სიმღერას “America” – მიუზიკლ West Side Story-დან. “I like to be in America, Everything free in America, Immigrant goes to America, Many hellos in America, Nobody knows in America”.   გურამ რჩეულიშვილის საფლავი მათთვის ყოფილა ყველაზე თავისუფალი ადგილი, სადაც მღეროდნენ, უკრავდნენ გიტარაზე, კითხულობდნენ მწერლის მოთხრობებს. ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე გეგა კობახიძის ნაცნობები იხსენებენ, რომ ის ძალიან უცნაურად იქცეოდა, ყველას გულში იკრავდა, თითქოს დიდი ხნით აპირებდა წასვლას, მისი ეს საქციელი გვიანღა ახსნეს. ბევრი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდებს ბოლომდე არ ჰქონდათ გაანალიზებული თუ რა უნდა გაეკეთებინათ, ამისთვის ისინი არც ფსიქოლოგიურად იყვნენ მზად. მათ ჰქონდათ მსგავსი მაგალითი, როდესაც ლიტვაში ასეთი ხერხით შეძლეს საბჭოთა კავშირიდან თავის დაღწევა და თვითმფრინავი გაიტაცეს, თუმცა ლიტველებისგან განსხვავებით მათ ვერ გათვალეს ძალიან ბევრი დეტალი, რის გამოც ეკიპაჟი დაზიანდა, ცნობილია, რომ ორსულ ქალს მუცელი მოსწყდა, პილოტი ერთ დღეში გაჭაღარავდა, ბავშვი კი რომელიც ამ ყველაფერს შეესწრო  წლების განმავლობაში ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობდა.

  ეს ახალგაზრდები გაურბოდნენ ქვეყანაში გამეფებულ რეჟიმს, დოგმებს, ჩარჩოებს, ისწრაფვოდნენ თავისუფლებისკენ, მაგრამ არსებობს ერთი საინტერესო დამთხვევა, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ ისინი სხვა რამესაც გაურბოდნენ… ყოველი მათგანი დანგრეული ოჯახიდან იყო, სადაც დედა და მამა დაშორებულები იყვნენ, იქნებ ესეც იყო ერთ–ერთი მიზეზი, რის გამოც მათ გაქცევა სურდათ?! შესაძლოა, ისინი გაურბოდნენ არა მარტო საბჭოთა კავშირს, არამედ თავიანთ ოჯახურ სიტუაციას…

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: